ინტერვიუ ვახტანგ ალანიასთან -ნაწილი პირველი

1)ყველას ჰქონდა განცდა,რომ  ეს არჩევნები ერთგვარი გამოცდა იყო დემოკრატიული ფასეულობების და ღირებულებების ქართულ რეალობაში. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სუბიექტებად მოგვევლინა,როგორც სახელისუფლებო -სამთავრებო ელიტა და ოპოზიცია,ასევე ხალხი,ყოველი მოქალაქე. უდავოდ  დემოკრატიულობისკენ  გადადგმული  ნაბიჯებია  : ამომრჩეველის მაღალი აქტივობა,სოციალური ქსელების,ქართული პრესის და კრიტიკული ტელევიზიების გადამწყვეტი როლი   წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების გზით მიღწეული ცვლილებები,პრეზიდენტის მიმართვა  და  კოალიცია“ქართული ოცნების“ ლიდერის მიმართვა ხალხისადმი 1 ოქტომბერს,ასევე ძალაუფლების გადაცემის ცივილიზებული ფორმა, შეხვედრები  და მოლაპარაკები ძველსა და ახალ მთავრობებს შორის.ცხადია,ყველაფერი ეს მეტყველებს დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობაზე. როგორც ცნობილი ანალიტიკოსი ენდრიუ გარდნერი აღნიშნავს:“ევროკავშირი მიესალმება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და აცხადებს, რომ არჩევნების „მთლიანობაში დადებითად წარმართვამ“ და ამომრჩევლის მაღალმა აქტივობამ „ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული განვითარების მიმართ “.

2)ჩვენ უნდა ვისწავლოთ ყოველი ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკული  შეფასება.უნდა დავინახოთ არა მხოლოდ ნაკლი და შეცდომები,არამედ მისი  წარმატებული პროექტებიც. ხელისუფლებამ   განახორციელა ბევრი რეფორმა,რომლის შედეგებით არ შეიძლება უკმაყოფილო იყო და ვერ დაინახო.რაც შეეხება დანაშაულს,ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას,რომ კანონის ფარგლებში თავისუფალი სასამართლო დამოუკიდებლად ადგენდეს ბრალეულობის ხარისხს.არჩევნებში დამარცხების მიზეზების ძიება პოლიტოლოგებს მივანდოთ.ჩემი  აზრით ციხეში გადაღებულმა ვიდეოკადრებმა,წამებისა და შეურაცხყოფის  ფაქტებმა,სატელეფონო მოსმენების სატელევიზიო შოუდ გამომზეურებამ და   ზოგადად არათავისუფალი,შებოჭილი გარემოს განცდამ დათრგუნა საზოგადოება.

3)სტუდენტურმა საპროტესტო აქციებმა დევიზით „არა ძალადობას“,“არა წამებას“  გვიჩვენა  ახალგაზრდობის მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების შესანიშნავი მაგალითი.მათ უარი თქვეს,რომელიმე პარტიის ნიშნით გაემართათ აქციები.სტუდენტობას  არ სურდა   პოლიტიკური  პიარის ნაწილად ექციათ   გულწრფელი პროტესტი.ეს აქტივობა მისასალმებელია.ნებისმიერ მთავრობას სჭირდება მტკიცე,არგუმენტირებული ოპოზიცია და კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდობა.

4) ფოთს განსაკუთრებული ადგილი უკავია არა მარტო საქართველოს, არამედ ამიერკავკასიის გეოპოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სივრცეში,როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელ რგოლს .

ის რომ საქართველოს კარიბჭეა და სატრანზიტო დერეფანი, ფოთს,როგორც საპორტო ქალაქს,აუცილებლად უნდა დაეტყოს.ეს უნდა აისახოს ქალაქის ინფრასტრუქტურაზე,მის იერსახეზე,ახალი საწარმოების და სამუშაო ადგილების  ზრდაზე.

5)ჩვენი ნავსადგური  მორალურად დაძველებულია და  თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.დაარსებიდან ბათუმის პორტს უნდა ემუშავა თხევად ტვირთებზე,ფოთის პორტს კი მშრალ ტვირთებზე. სამწუხაროდ ,90-იან წლებში ეს ბალანსი დაირღვა.ბათუმის პორტი ეცადა  მშრალ ტვირთებზე ემუშავა,ფოთის პორტი კი თხევადი ტვირთების მიღებაზე.მივიღეთ ცუდი შედეგი.ბოლო 25 წლის განმავლობაში არც ბათუმის და არც ფოთის  პორტები არ განვითარებულა კარდინალურად.  არ არის შეცვლილი ტექნიკა,არ არის დანერგილი დატვირთვა-გადმოტვირთვის  ახალი,თანამედროვე მეთოდები . სავალალო მდგომარეობაშია სასაწყობო მეურნეობა და ტექნიკა.ასევე შეგვიძლია ვთქვათ,რომ არასწორი სტრატეგიული ხედვით და   სანავსადგურო განვითარების პოლიტიკის არარსებობით  ფოთის პორტი კარგავს პერსპექტივებს და პოტენციალს.

ასე მაგალითად,I  ნავმისადგომზე დამონტაჟებული იყო თხევადი ტვირთების, კონკრეტულად,  ნავთობპროდუქტების გადატვირთვის დანადგარები ,რაც არ იყო გაძლიერებული სასაწყობო მეურნეობით თხევადი ტვირთებისათვის.ეს გაკეთდა ნაყარი ტვირთების მიღების შემცირების ხარჯზე.იგივე მოხდა II ნავმისადგომზე , რომელზეც აშენდა საბორნე ხიდი.პრაქტიკულად ამ ორმა პროექტმა სანავსადგურე საშუალებების 30 % მოშალა ,ანუ ეს არის I,II და  III ნავმისადგომები. მე-6 ნავმისადგომი 20 წელია ავარიულ მდგომარეობაშია. ინფორმაციისათვის , ნავსადგურში  იყო 10 სამუშაო ნავმისადგომი.ამასთან  ერთად,უნდა ავღნიშნოთ რომ  I და II ნავმისადგომები იყო შეკეთებული და მზად იყვნენ დიდი წყალწყვის  გემების მისაღებად. სუფსის ნავთობტერმინალის  განვითარება დუნედ მიედინება.ყულევის ნავთოტერმინალს დიდი პერსპექტივა არა აქვს,თუ არ  ააშენა დამცავი ჰიდროტექნიკური  ნაგებობები.

პრაქტიკულად,საქართველოს საპორტო განვითარება შეჩერებულია,რაც საფრთხეს უქმნის ამიერკავკასიის და შუა აზიის  ეკონომიკის განვითარებას.თუ სახელმწიფომ არ შეცვალა მიდგომა და არ შეიმუშავა საპორტო განვითარების პოლიტიკა, საქართველოს სატრანსპორტო სისტემა ვერ განვითარდება.დღეს საქართველოს აქვს უნიკალური საშუალება გახდეს კავკასიის და შუა აზიის დერეფნის მთავარი დამაკავშირებელი რგოლი. აქტუალურია ახალი ნავსადგურების მშენებლობა,რაც შემდეგ უპირატესობებს მოგვცემს: 1)იაფი და ხარისხიანი საპორტო მომსახურება,რომელიც გახდება მიმზიდველი კონკურენციის პირობებში, 2)მოვიზიდავთ ახალ ინვესტიციებს ,სამუშაო ადგილებს,რაც ბუნებრივია გაზრდის სახ.ბიუჯეტის შემოსავლებს,და რაც მთავარია გააძლიერებს  საქართველოს მნიშვნელობას ამიერკავკასიაში

საქართველოს შრომის კოდექსი არ იცავს შრომის პირობებს,რისი ლოგიკური შედეგიც იყო ფოთის ნავსადგურის მუშების სამართლიანი გაფიცვები .მაგალითად,მე-12 ნავმისადგომზე არ არსებობს ელემენტარული პირობები:ხელსაბანი,ტუალეტი,სამედიცინო პუნქტი,გასახდელი და დასასვენებლი ოთახები,დროებით დაქირავებულ მუშებს არა აქვს სოციალური და სამედიცინო დაზღვევა ,არ ეძლევათ შვებულება და ასე შემდეგ…

6) ვფიქრობ ყველაფერი კარგად იქნება.დემოკრატიის პირობებში  ჩვენ ყველა ვსწავლობთ  ერთმანეთის პატივისცემას და დაფასებას.თუნდაც სხვადასხვა პოლიტიკურ-იდეოლოგიური პლატფორმა გვანსხვავებდეს,უნდა შევძლოთ ერთმანეთის შეხედულებების  გაგება და ამ განსხვავებულობამ არ უნდა გაგვყოს,არ უნდა დაგვაპირისპიროს ერთმანეთს.

ყოველმა ჩვენთაგანმა მტკიცედ და პრინციპულად უნდა დაიცვას კანონი და კანონის დაცვის  მისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს,მაშინ კანონი დაგვიცავს ჩვენ.

7)იმედია პოლიტიკურ კრიზისს  გონივრული და პრაგმატული  მიდგომით თავიდან ავიცილებთ.

საკრებულო  უნდა იცავდეს ქალაქის ინტერესებს და არ უნდა იყოს მორგებული პიროვნების სურვილზე.

ქალაქ ფოთის მერს ფოთელები უნდა ვირჩევდეთ.

ფოთში გემთმშენებელი  და გემთშემკეთებელი ქარხნის აღდგენა აქტუალურიცაა და რეალურიც,ასევე ყველა ტრადიციული მიმართულების- თევზრეწვის და თევზგადამუშავების განვითარება.

2018-03-06T14:58:59+00:00